ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წელს აფასებს
ნინო შუბითიძე
29 დეკემბერი, 2017, 15:42
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წელს აფასებს

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.  ბედნიერების, წარმატების და ეკონომიკური სიძლიერის წელი ყოფილიყოს 2018!

„ახალი წელს ვულოცავ GBC - ის გუნდს, პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ“!-  სებ-ის პრეზიდენტის ღია ბარათში სურვილები  ისეთივე სტრატეგიულია, როგორც სებ-ის პოლიტიკა.

კობა გვენეტაძე   2018-ს „ფინანსური განათლების წლად“ აცხადებს და  გვიყვება სამომავლო პროექტებზე, რომლის განხორციელებაში  ფინანსურად განათლებული საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, რომელსაც  ლარის რყევის აღარ შეეშინდება.

სებ-ის პრეზიდენტი  2017 -ის  მთავარ გამოწვევებზეც საუბრობს, მაღალ ინფლაციაზე,  დოლარიაციაზე,  თუმცა ეს და  სხვა გამოწვევები  დაძლევადია სებ-ის სტრატეგიული  პოლიტიკით, რომელიც  გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და არა მოკლევადიან ეფექტებზე.

რა იყო 2017 წლის მთავარი გამოწვევები, როგორ  განეიტრალდა და ამაში მარეგულირებელს რა როლი მიუძღვის?

-დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად განვითარებად და ცვალებად ეკონომიკურ გარემოში, შესაბამისად, იმისათვის რომ შევამსუბუქოთ შოკების ნეგატიური გავლენა, მუდმივად გვიწევს სირთულეებთან გამკლავება. მიმდინარე წლის გამომწვევებიდან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი. ერთჯერადი ფაქტორების გავლენით (აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდა) ინფლაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე მაღლა იყო, თუმცა, თუ ერთჯერად ფაქტორებს გამოვრიცხავთ, ინფლაცია წლის განმავლობაში დაახლოებით 4%-ის გარშემო მერყეობდა, რაც 2017 წელს ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ უნდა იყოს ორიენტირებული ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების განეიტრალებაზე, ვინაიდან აღნიშნული ქმედება დააზიანებს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, დასაშვებია ინფლაციის მაჩვენებლის გადახრა მისი მიზნობრივი დონიდან მოკლევადიან პერიოდში იმ გათვლით, რომ საშუალოვადია პერიოდში შენარჩუნდება სტაბილური ინფლაციური გარემო.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში კომუნიკაციას განსაკუთრებული როლი აქვს. კერძოდ, ამ რეჟიმის სრულფასოვანი მოქმედებისთვის აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ ახსნას, თუ რა არის მიზნობრივი მაჩვენებლიდან ინფლაციის გადახრის მიზეზი და როგორ დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ დონეს. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გააძლიერა კომუნიკაცია სხვადასხვა წყაროების საშუალებით, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პრეს-რელიზები, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშები, პრესკონფერენციები და ა. შ. აღნიშნულ ანგარიშებში მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზია ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ფასების ზრდა და, რომ ამას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება, ხოლო 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. გარდა ამისა, ინფლაციური მოლოდინების ზრდის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზეც. ნოემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9 პროცენტი შეადგინა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსალოდნელია, რომ დროებითი ფაქტორების განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე წელს კვლავ გამოწვევად რჩებოდა ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია. დე-დოლარიზაციის მიმართულებით მუშაობა ბოლო წლების განმავლობაშიც მიმდინარეობდა, თუმცა, მიმდინარე წელი ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იყო. გასული წლის ბოლოს, ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა. კერძოდ, პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა, სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება და  ლარით ფასდადება. ამ პუნქტების გარკვეული ნაწილი უკვე ძალაში შევიდა, სხვებზე კი აქტიური მუშაობა გრძელდება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარიზაცია ეს არის ხანგრძლივი პროცესი და არ უნდა გვქონდეს მოკლევადიან პერიოდში რადიკალური ცვლილების მოლოდინი. თუმცა, გარკვეული პოზიტიური ტენდენციები უკვე  გვაქვს წლის განმავლობაში დოლარიზაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად შემცირების სახით. მაგალითად, საბანკო სექტორის სესხების დოლარიზაციამ 2016 წლის ბოლოს დაფიქსირებული 65 პროცენტიდან 2017 წლის ბოლოსთვის, წინასწარი შეფასებით, 55 პროცენტამდე დაიწია. ამავე პერიოდში, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი თითქმის 13 პროცენტული პუნქტით, 45 პროცენტამდე შემცირდა. პროგრესი შეინიშნება საბანკო სექტორის დეპოზიტების დოლარიზაციის კუთხითაც - 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 71 პროცენტიდან 65 პროცენტამდე შემცირდა.

კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრალური ბანკისათვის, თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნეთ,  მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ენიჭება ინფლაციის თარგეთის რეჟიმის დროს. ამ დროს ინფლაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ინფლაციის მოლოდინი. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიზანს სწორი ინფლაციის მოლოდინების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, რაც ეტაპობრივად ზრდის ეროვნული ბანკის ამოცანების ცნობადობას საზოგადოებაში და ამავდროულად ხელს უწყობს სწორი მოლოდინების ფორმირებას. ამ მიზნით განხორციელდა ეროვნული ბანკის პუბლიკაციების სტრუქტურის გადახედვა და ვებ-გვერდის მონეტარული ნაწილის განახლება. კვარტალში ერთხელ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრების შემდეგ, ტარდება პრესკონფერენციები და ანალიტიკოსებთან შეხვედრა, რასაც თან ახლავს ინფლაციის მიმოხილვის გამოქვეყნება. მიმდინარე წელს დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. რეგიონებში ვხვდებით ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და უშუალო დიალოგის რეჟიმში ვსაუბრობთ მათთან, განციხილავთ კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებს.  ასევე, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშთან ერთად, ვაქვეყნებთ მოკლე ვიდეოს, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიმოიხილავს ანგარიშში განხილულ ძირითად საკითხებსა და პროგნოზებს. ეროვნული ბანკი მომავალ წელსაც განაგრძობს კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით აქტიურ მუშაობას.

2017 წელს მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენა და ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმზე შეთანხმება. აღნიშნული პროგრამა დაეხმარება ქვეყანას შეამციროს ეკონომიკური მოწყვლადობა და კოორდინირებული პოლიტიკის განხორცილებით ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამაზე შეთანხმება ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და, შესაბამისად, იზრდება ქვეყნისადმი ინვესტორების დაინტერესება. სსფ-ის მიერ დადებითად შეფასდა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ბოლო 2014-2015 წლების საგარეო შოკზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სსფ-თან ახალ პროგრამაზე შეთანხმებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 2017 წელს იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაზრდა Ba3-დან Ba2-მდე. ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პოლიტიკის რეაგირება ბოლო წლების საგარეო შოკზე მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი იყო, რამდენადაც აღნიშნულის შედეგად საქართველოს ეკონომიკა  უკეთეს კონკურენტულ პოზიციაში აღმოჩნდა. ასევე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უფრო მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. პოზიტიური ეკონომიკური პერსპექტივები არის ის ძირითადი ფაქტორი, რამაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განაპირობა და ეს ბოლო 6 წელიწადში პირველად  მოხდა.

სექტორის მდგრადობისთვის რა გაკეთდა ბანკების მხრიდან და ზედამხედველობის დახვეწით რა საფრთხეების მინიმიზაცია გახდა  შესაძლებელი?

-ზედამხედველობის კუთხით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც შევიდა აქტივების კლასიფიკაციის წესში და რომლითაც განისაზღვრა სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ცვლილებების შესაბამისად, ბანკებს მნიშვნელოვნად გაურთულდათ ფიზიკურ პირებზე არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა, დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის კუთხით, რაც, თავის მხრივ, ასევე ხელს უწყობს ფიზიკური პირების დაცვას ჭარბვალიანობისგან.

მნიშვნელოვანია საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებული ცვლილებებიც. კერძოდ, გაიზარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა, როგორც არსებული ბანკებისათვის, ასევე საბანკო ლიცენზიის მსურველი პირებისათვის. დამატებით, კაპიტალის მოთხოვნები დაუახლოვდა ბაზელის სტანდარტებს. კერძოდ, კაპიტალის მოთხოვნებში გაჩნდა ბაზელთან შესაბამისი კონსერვაციის, კონტრციკლურობისა და სისტემურობის ბუფერები. მოხდა სისტემური ბანკების იდენტიფიცირება და მათთვის ბუფერის ამოქმედების ვადების განსაზღვრა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამჭვირვალობის კუთხითაც, რომელთა მიხედვით კომერციული ბანკების კვარტალური და წლიური ანგარიშგებაში გამოქვეყნებას დაექვემდება კაპიტალის ადეკვატურობასთან, რისკების მართვასთან, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხები.

საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით აღსანიშნავია ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მოთხოვნების დანერგვაც, რომელიც ლიკვიდობის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

რა აქტივობებს გეგმავთ მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად რომ  დაიცვათ?

-მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. როგორც იცით, გასული წლის განმავლობაში კანონმდებლობაში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები (დადგინდა სესხის ფინანსური ხარჯების ლიმიტები, შეიზღუდა მოსახლეობის ფართო მასებისგან ფულადი თანხების მოზიდვის არეალი, ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის არეალი გაფართოვდა და გასცდა საბანკო სფეროს), რაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით ვაგრძელებთ მუშაობას მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებების დიდი პაკეტი, რომელიც საფინანსო სფეროს ეხება. თუ მიმდინარე მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების არეალში ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვანი, თუმცა არასრული წილი ექცევა, ცვლილებების შემდეგ, ეროვნულ ბანკს სრული მანდატი მიენიჭება, რათა მომხმარებლების უფლებების დაცვის ჭრილში მოახდინოს სესხის გამცემი ყველა მეწარმე სუბიექტის რეგულირება, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებას. მაგრამ, აქვე აღვნიშნავ, რომ ამის განხორციელებას დრო დასჭირდება.

ამასთან, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვმუშაობთ საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფინანსურ სტაბილურობას, ინფორმაციის უსაფრთხოებას და საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების საქმიანობის უწყვეტობას, ისევე, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვას. აღნიშნული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ასევე ფიზიკური პირების ჭარბვალიანობისაგან დაცვისათვის. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საკრედიტო ბაზარზე კონკურენციას, შეამცირებს ინფორმაციის ფრაგმენტაციას და ასიმეტრიულობას, საკრედიტო რისკებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი საფინანსო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და დღეისათვის მთლიანი ბაზრის დაახლოებით 6%-ია, ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურები, ხოლო, მეორეს მხრივ, მოსახლეობიდან დაფინანსების მოზიდვის ტენდენციებმაც საყურადღებო ხასიათი მიიღო, საჭირო გახდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებიისათვის, რომელშიც, მიმდინარე მომენტისათვის, ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ - მისოები, რომლებიც საკუთარი კაპიტალით იმუშავებენ, არ დაექვემდებარებიან მკაცრ ზედამხედველობას, გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა, რათა ფასდადება იყოს მეტად გამჭირვალე და ადეკვატური. იმ მისოების მიმართ კი, რომლებიც იზიდავენ სახრებს მოსახლეობისგან, განსხვავებული მიდგომა იქნება  და ისინი დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ ზედამხედველობას. მათ მიმართ შემოღებულ იქნება ზედამხედველობის და ანგარიშგების ახალი სტანდარტები, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის და ლიკვიდობის მინიმალური დონის განსაზღვრა.

მიმდინარე წელს დავიწყეთ და მომავალი წლისათვის კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით განვახორციელებთ ფინანსური ორგანიზაციების შემოწმებებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.  მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს გამოვლენილი დარღვევების გამო რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შემოწმების სპეციფიკა ორიენტირებულია არა სანქციების დაკისრებაზე, არამედ მისოების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და, სადაც შესაძლებელია, მომხმარებლების დარღვეული უფლებების აღდგენაზე. თუ გამოვლენილი დარღვევების მიზეზებიდან აშკარად იკვეთება კანონის გვერდის ავლის მცდელობა და უხეში დარღვევები, ბუნებრივია, მსგავსი ფაქტების მიმართ ლმობიერებას ვერ გამოვიჩენთ, მაგრამ, თუ დარღვევის მიზეზი კანონის მოთხოვნების არასწორი გაგებაა - ამ დროს მთავარი აქცენტი ამ დარღვევების გამოსწორებაზე კეთდება. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს დაუბრუნდა არასწორად ჩამოჭრილი თანხა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასულ და მიმდინარე წელს არაერთია საკანონმდებლო ცვლილება იყო მიღებული. თუმცა ამ კომპლექსური ცვლილებების ფონზე მომხმარებლების უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი მხოლოდ რეგულირების ქვეშ მყოფი ორგანიზაციების მხრიდან კანონის დაცვის მოთხოვნა. აუცილებელია მათთან ერთად და მათთვის საკონსულტაციო და განმარტებითი ტიპის სამუშაოების განხორციელება. ვფიქრობთ, მომავალ წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ განმარტებითი ტიპის დოკუმენტაციის გამოცემა და უშუალო შეხვედრები და ტრენინგები ბიზნესის წარმომადგენელთათვის, რათა, საბოლოო ჯამში, მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებელთა უფლებების დარღვევების ისეთი ფაქტები, რომლებიც საფინანსო პროდუქტების პროვაიდერების მხრიდან კანონის უცოდინრობით ან არასაკმარისი ცოდნით შეიძლება იყოს განპირობებული.

როგორც განაცხადეთ, 2018 ფინანსური განათლების წელია და როგორ  ხვდებით?

-მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. მოსახლეობაში ფინანსური განათლების გავრცელებისა და სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოგვეცხადებინა.

მოგეხსენებათ, გასულ წელს, ადგილობრივი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიის მართვის კომიტეტი, რომელშიც შედიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნულ კომიტეტთან თანამშრომლობით, ვმუშაობთ შემდეგი წლის აქტივობების გეგმაზე და  დასრულებულ კალენდარს მოსახლეობას 2018 წლის დასაწყისში გავაცნობთ. მანამდე კი, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ განვახორციელოთ არაერთი პროექტი როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიცვათ მიუხედავად ასაკისა, საცხოვრებელი ადგილისა და პროფესიისა. გვექნება აუდიო-ვიდეო და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე მორგებული თამაშები, კონკურსები და ოლიმპიადები; შეხვედრები და ლექციები; საგანმანათლებლო ბანაკები, და ასე შემდეგ. ვაპირებთ, აქტიურად გამოვიყენოთ როგორც რადიო და სატელევიზიო, ისე ინტერნეტ-არხები, მათ შორის, სოციალური მედია. ჩვენი მიზანია, ფინანსურ განათლებაზე საუბრობდნენ ყველგან. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისა და მათი მასშტაბების ზრდისთვის, მედიის ჩართულობასა და მათი მხრიდან მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; შესაბამისად, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, ვგეგმავთ, მედიასთან აქტიურ და პროდუქტიულ თანამშრომლობას. 

საბანკო ბაზარიც რომ დაახასიათოთ, კონცენტრაცია ქმნის თუ არა  რაიმე საფრთხეებს და როგორ კომპენსირდება. ახალი მოთამაშეების მოსაზიდად რამდენად მიმზიდველია, რა არის საჭირო დაინტერესებები რეალობად რომ იქცეს?

-არსებული მდგომარეობით საბანკო სექტორი კონცენტრირებულია. კერძოდ, ორი უმსხვილესი ბანკის აქტივების ზომა მთლიანი საბანკო სისტემის აქტივების 70%-ს აღემატება. აღნიშნულის მიუხედავად, საბანკო სექტორში გამძაფრებული კონკურენცია შეინიშნება, რასაც ხელს უწყობს მასშტაბის ეფექტის შედეგად ეფექტიანობის ზრდა, რაც საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში აისახება. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება ბაზარზე არსებულ დინამიკას და შეიმუშავებს შესაბამის მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს. ამ მიზნით, 2017 წლის დეკემბერში დამტკიცდა ბრძანება „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების“ თაობაზე. შედეგად, სებ-ის მიერ იდენტიფიცირებული სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისთვის განისაზღვრა დამატებითი კაპიტალის სისტემურობის ბუფერის მოცულობა და მასთან შესაბამისობაში მოყვანის ვადები. აღნიშნული ბუფერის შემოღების  ერთ-ერთ მიზანს სწორედ კონცენტრაციის შემცირება და, შედეგად, კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სისტემა ღიაა ახალი ძლიერი მოთამაშეებისათვის. ამავე დროს, საქართველოში მაღალია საფინანსო სექტორისათვის დაწესებული მოთხოვნების გამჭვირვალობა. საბანკო ლიცენზიის მისაღებად საჭირო მოთხოვნები დეტალურად არის მოცემული შესაბამის კანონმდებლობაში, და ეროვნული ბანკი მზადაა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება როგორც მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის არსებობა (მინიმუმ 50 მილიონი ლარი), ასევე პოტენციური მფლობელების გამოცდილება საბანკო/საფინანსო სფეროში, წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის ადეკვატურობა და განხორციელებადობა და მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები