| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს , - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერებათ.
ისინი მიიჩნევენ, რომ ფაქტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ. .. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე”, - აცხადებს მესამე სექტორი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა „ქართუ“ ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, თუმცა საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.[1]
„გარდა ამისა, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა, თუ რა მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. 1.5 მილიარდის ვალდებულებების კომერციული ბანკებიდან 100 მილიონად შესყიდვის გარიგება, შესაძლოა, დამატებით ეჭვებს იწვევდეს საბანკო და საფინანსო ბიზნესის მონაწილეებზე სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ გავლენებზე. ფაქტია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებოდა ეს შესაძლებელი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი „ქართუს” ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფილიყო.
მიგვაჩნია, რომ მოცემული ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცენდენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ის, ასევე, ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
- ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშავოს;
- ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან;
- საქართველოს პროკურატურას დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე, - ნათქვამია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss