| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ორანჟერეას პროექტი ავტორებმა მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს
წარუდგინეს.
შეხვედრა, რომელსაც სამშენებლო კომპანია “ანაგის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
აღინიშნა, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ოპტიმალური ფუნქციის მქონე ნაგებობის აშენებაზე პროექტის ავტორები დიდხანს ფიქრობდნენ, საბოლოოდ კი, არჩევანი შეჩერდა ორანჟერეაზე - ღია, ყველასათვის ხელმისაწვდომ, მრავალფუქნციურ საზოგადოებრივ ცენტრზე, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე სივრცეებს დაუკავშირდება.
ტერიტორიაზე არსებულ ავტოსალონის ჩანაცვლებისთვის პროექტი “ანაგმა” კომპანია “სტუდია9”-ს დაუკვეთა. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მატარებელ ამ ნაკვეთზე, დღესდღეობით, 15 ძირი ნარგავია. საპროექტო დავალებით, აქ 37 ახალი ნარგავი და 42 ბუჩქი დაირგვება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტერიტორიაზე არსებული ბეტონის საფარი მწვანე მოლით შეიცვლება. რაც შეეხება “ორანჟერეას” შიდა სივრცეს, აქ განთავსდება სხვადასხვა სახის ხე-ნარგავი, რის შედეგადაც ტყე-პარკს ახალი, უნიკალური ჯიშის მცენარეები შეემატება. რაც მთავარია, მშენებლობის პროცესში არ მოიჭრება არცერთი ხე და დიღომში მდებარე ეს რეკრეაციული სივრცე, ჯამში, 150-მდე ახალ მცენარეს შეიძენს.
როგორც პრეზენტაციისას პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ განმარტა, მათი მთავარი ამოცანა იყო, შენობისთვის მოეფიქრებინათ ისეთი ფუნქცია, რომელიც არ დაამძიმებდა და შეესაბამებოდა ტყე-პარკის ტერიტორიას.
“მადლობას ვუხდი “ანაგს”, რომ საკითხს ხისტად არ მიუდგა. დიდი დრო დაგვჭირდა, მიგვეგნო შენობის იმ მხატვრული სახისა და ფუნქციისთვის, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისი იქნებოდა.
ორანჟერეის მთავარი შემოსასვლელი აღმაშენებლის ხეივნიდანაა. დანარჩენი ფასადები ტყე-პარკს ესაზღვრება, ამიტომ ასეთი ამოცანა დავსახეთ: ოთხივე ფასადი უნდა ყოფილიყო მწვანე არა მხოლოდ ფერით ან რაიმე მასალით, არამედ- ბუნებრივად. შენობა მსუბუქი კონსტრუქციებითაა გადაწყვეტილი. გარე კონსტრუქციები გვაძლევს საშუალებას, მოვაწყოთ ბადეები და ამ ბადეებზე დავიტანოთ გამწვანება. შედეგად კი, ექსტერიერშიც და ინტერიერშიც მარადმწვანე გამწვანებას მივიღებთ. ინტერიერში დავაპროექტეთ კუნძულები, რომლებზეც ეგზოტიკური მცენარეები დაირგვება. ჭერიც ორანჟერეასთვის დამახასიათებელი ფუნქციით, გამწვანებითა და შემინული სახით იქნება, რათა მზის სხივებმა მცენარეებამდე კარგად მიაღწიონ. შიდა სივრცეში მოეწყობა წყლის სარკე და ფანტანი, რომელიც შენობის მხატვრულ სახეს გააძლიერებს.
ჩვენ გვინდოდა, მიგვეღო შენობა, რომელიც ყოველთვის შეასრულებდა თავის მოვალეობას და საპარკე არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს შეითავსებდა. სწორედ ამის საშუალებას იძლევა დიდი დარბაზი, რომელსაც ტრანსფორმირების შესაძლებლობა ექნება. მუდმივად მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, გაკეთდება სცენა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. ორანჟერეა უნდა გადაიქცეს კულტურულ ცენტრად, რომელიც ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. სწორედ მრავალფუნქციურობის გამო გადავწყვიტეთ, მოგვეწყო სარდაფის ქუჩა, რომელშიც ძველი თბილისის ელემენტები ჩავდეთ. გარდა ამისა, პირველ სართულზე განგვეთავსებინა სხვადასხვა ობიექტი: ბავშვთა კაფე, პატარ-პატარა სახელოსნოები, მაღაზიები...
ტურისტები დაინტერესებულნი არიან ეთნოგრაფიული კულტურით, ფოლკლორით და კულინარიით. ჩვენ მიერ დაპროექტებულ ობიექტში მსგავსი ხასიათის ფესტივალების მაღალ, საერთაშორისო დონეზე ჩატარება შეგვეძლება.” - განაცხადა მამუკა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ორანჟერეა მიმდებარე ტერიტორიას სახელს გაუთქვამს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ორანჟერეა, რომელიც ზამთრის ბაღს წარმოადგენს, სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანობაა, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
ხსენებული პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.


| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss