| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისია აღშფოთებულია "კავკასუს ონლაინის“ 100% -ის მფლობელის, ნასიბ ჰასანოვის ბოლო განცხადებით. რომ საქართველოს კანონი განზრახ დაარღვია. ჰასანოვის წარმომადგენლის, თემურ თაგიევის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმიტომ დაარღვია, რომკანონიერად შავი ზღვის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს ვერ შეიძენდა. პროცესიც იმიტომ დააჩქარეს, რომ სპცმმართველის პირობებში 51%-ს ვეღარ იყიდნენ.
"ჰასანოვის მიერ
2020 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინის“
51%-იანი წლის უკანონო შეძენის შესახებ ინფორმაცია, საარბიტრაჟო სასამართლოში მათ
მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდანაც დასტურდება.
ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნა ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე, ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს
ონლაინის“ შეძენის პროცესში, 2019 წლის
18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო
ვალდებულება იმის შესახებ, რომ კანონის მოთხოვნებს შეასრულებდა და
კომუნიკაციების კომისიისგან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას აიღებდა.
ნასიბ
ჰასანოვი საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რადგან 2019-2020 წლებში ის
თავადვე აცხადებდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ იცნობდა.
შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული განცხადებები, იმის შესახებ, რომ არ ჰქონდა
ვალდებულება კომისიისთვის თანხმობის შესახებ მიემართა, შეუსაბამობებს და სიცრუეს
შეიცავს.
„კავკასუს ონლაინის“ 49%-ის უკანონოდ
შეძენასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ
კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 1
ოქტომბრამდე კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის „კავკასუს
ონლაინს“ 6 სანქცია დააკისრა და 49%-იანი წილის უკანონო გასხვისების კანონიერ ფარგლებში
დაბრუნებას ითხოვდა. მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის 6 გადაწყვეტილებისა,
კომპანია ფინანსურ ჯარიმებს იხდიდა, მათ შორის სამჯერ აქვს გადახდილი 270 ათას
ლარიანი ჯარიმა, მაგრამ წილებს
თავდაპირველ მდგომარეობაში არ აბრუნებდა.
კანონდარღვევების აღმოუფხვრელობის
პარალელურად, „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების კომისიას“ 2020 წლის 13 ივნისს
51%-ის ყიდვის წინასწარი თანხმობის მოთხოვნით მიმართა, კომუნიკაციების
კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ დამატებითი
დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას კომისიაში უნდა წარმოედგინა
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ განახლებული ინფორმაცია, სადაც
გამოჩნდებოდა აღასრულა თუ არა კომპანიამ
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები
და დაბრუნებული ჰქონდა თუ არა 49%-იანი წილი თავდაპირველ მდგომარეობაში.
კომისიის მოთხოვნაზე, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინა ამონაწერი,
რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ 49%-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით,
კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა კომპანიას არ შეუსრულებია. აღსანიშნავია,
რომ რაიმე ფორმით „კავკასუს ონლაინის“
ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილი და
ჯეროვანი განხილვა შეუძლებელი იყო, რადგან 49% კანონდარღვევით ჰქონდათ შეძენილი. შესაბამისად, კომუნიკაციების
კომისიამ უკანონო მოთხოვნის განხილვაზე, „კავკასუს ონლაინს“ უარი უთხრა.
რის შემდეგაც, ჰასანოვმა, როგორც უკვე თავად აღიარებს, კომუნიკაციების
კომისიის უარისა და კანონის მოთხოვნის მიუხედავად, კანონდარღვევით შეიძინა 51%.
უფრო მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა 100% შეძენის თაობაზე 2020
წლის 10 სექტემბერს კომუნიკაციების
კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების
მიზნით ფორმალურად, მას შემდეგ მიმართა რაც კომპანიის 51% 2020 წლის
აგვისტოში უკვე უკანონოდ ჰქონდა შეძენილი.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნასიბ ჰასანოვის კატეგორიულად
მიუღებელ ქმედებას და ქართული კანონმდებლობის სრულ უგულებელყოფას.
შეგახსენებთ, რომ ერთწლიანი
ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო
„კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია
შეეჩერებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზაციის შეჩერებით საქართველოში 2,5
მილიონი აბონენტი დარჩებოდა სატელეკომუნიკაციო სერვისების გარეშე, ამასთან საფრთხე
შეექმნებოდა მეზობელი ქვეყნების მილიონობით აბონენტის ინტერნეტით
უზრუნველყოფას, კომისიამ კომპანიას
ავტორიზაცია არ გაუჩერა და „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.
აქვე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ
უკვე მეორე წელია „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ,
შესაძლებელია საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში
მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული
პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები
და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი, ნეგატიური
შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნულ საფრთხეს კიდევ უფრო აღრმავებს ნასიბ ჰასანოვის
წარმომადგენლის საჯარო და დაუფარავი აღიარება საქართველოს კანონმდებლობის განზრახ
დარღვევის შესახებ", - ავრცელებს განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss