თბილისი (GBC) - საზოგადოება და ბანკების (ს&ბ) შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტის (მპკ) ოთხშაბათის (4.08.2021) გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული
პოლიტიკის გაგრძელებაა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების
რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან,
გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის
გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის
ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის
განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი
გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის
პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, 6
თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის
საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც
გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან
მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან
შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და
ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და
ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება,
რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან.