| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ყასიმ–ჟომართ
თოყაევთან და პრემიერ–მინისტრ ალიხან სმაილოვთან გამართულ შეხვედრებზე ქვეყნებს შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო,
დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა
მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა
დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა,
რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში.
ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური
ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი
გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით
მადლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა.
„მოგესალმებით ყაზახეთში.
ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება
თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა
მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო
ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება", - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.
ამის შემდეგ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა
ალიხან სმაილოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ტურიზმის,
ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა
არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა
იყოს გამოყენებული.
შეხვედრის ბოლოს, ხელი
მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის
რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს
შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას
შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.
ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს "აკორდას"
სასახლეში შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების
სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას
ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული
პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრის თქმით,
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს.
"ბატონო პრეზიდენტო,
დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას.
ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება
ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა,
მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით.
ერთი კონკრეტული გზავნილით
გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ
ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი
ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.
რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც
მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,
რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით
მადლობას გულთბილი მიღებისთვის,", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე ყაზახეთის
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო
კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
„მოგესალმებით ყაზახეთში.
როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი
მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი
პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული
მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს
შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა
და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა
გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით,"-განაცხადა
პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით სამშაბათს,
26 ივლისს გაემგზავრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss