| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც
ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო
თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად
უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას
გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.
„ბატონო პრეზიდენტო,ბატონო
გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ
77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ,
საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ.
1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა
დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.
მნიშვნელოვანი წინსვლის
მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის
აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ
ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
დაარსება განაპირობა.
2008 წელს ჩემს ქვეყანაში
შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია.
oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ
მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების
უზრუნველსაყოფად.
გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო
თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული
მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.
დღეს მაქვს პატივი,
წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც
შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე
საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.
ოცდაათი წლის წინ საქართველო
გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული
გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება,
რომელიც ვიკისრეთ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის
თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის
გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.
„ყველა შესაძლებლობას
ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში
წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის
მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ
ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში
ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას",
- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ევროინტეგრაცია
„გაზრდილი
ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ,
რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას
და, რაც მთავარია, ღირებულებებს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
„2012 წელს ჩვენი გუნდის
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც
დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან,
ნატოსა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის
უპრეცედენტო ათწლეული.
განუწყვეტლივ ვმუშაობთ
საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის
პროექტის" მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ
ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში"
- მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის"
2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან
და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის
თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14
ადგილი დაიკავა.
შეერთებულ შტატებთან
და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული
ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი
გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.
ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან
გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება
განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას,
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის
რეჟიმს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის
თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის
და მისი მოქალაქეებისთვის.
„წელს გავაკეთეთ განაცხადი
ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
საქართველოსთვის ევროპული
პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი
სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს
მათ.
ევროკავშირში გაწევრიანების
შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ,
რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი
პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად
მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის
შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
ინკლუზიური პროცესი
უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო
საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო
ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს
და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.
მკაფიოდ მინდა განვაცხადო,
რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ
მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს", - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანტირუსული სანქციები
და საქართველო
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი
ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები
სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის
მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან". ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის
წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა
გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა
აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია,
ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს
თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა,
სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი
წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი,
მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური
ეკონომიკის სასარგებლოდ.
ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ
სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობას
იღებს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივაში და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც
გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს
შავი ზღვის ზოლში,"- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო და უკრაინა
„ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე
შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო
სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.
„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან,
ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც
1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას
ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას,"-
აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ
წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და
ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას,
ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.
„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი
უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული
უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა
მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ
თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ
შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების
შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის,"- განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
ეკონომიკური გამოწვევები
პანდემიის პერიოდში
„ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის
სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა
ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო
ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა,
რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის
ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების
შედეგია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობებს
და ყველა საჭირო ინსტრუმენტს აძლევს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა
საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ,
გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და
ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ,
რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ
მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ", - თქვა პრემიერმა.
საქართველოს გარდაქმნის
სტრატეგია
„შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული
ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების
ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი
განვითარების დღის წესრიგს“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, ქვეყანას აქვს ადამიანის
უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.
„შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული
ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების
ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი
განვითარების დღის წესრიგს.
ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული
სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. მთავრობამ ის დაამტკიცა საერთაშორისო პარტნიორებთან
და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ. ეს სტრატეგია
მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების
განსაზღვრას და შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს ყოვლისმომცველი
დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას.
მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ნამდვილ,
მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგია. ჩვენმა
საფინანსო სექტორმა გლობალურად უკვე მოიხვეჭა სახელი და ახლა საერთაშორისო ინვესტორებს
ვიზიდავთ განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში დამატებითი კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.
ვითარდება სტარტაპების ეკოსისტემა. ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალი მატერიალიზდება
და ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოსა და მისი ხალხისთვის მდგრად და პროგნოზირებად
ეკონომიკას", - განაცხადა პრემიერმა.
გლობალური უსაფრთხოება
„ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რეგიონალური გამოწვევები ისეთი
გლობალური გამოწვევების ფონზე ვლინდება, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, პანდემია
და კლიმატის ცვლილება. საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და
წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ
მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატოს მიერ განხორციელებულ მისიებში. სულადობრივად,
ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ,
ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ, ამ ინიციატივებში. საქართველო კვლავ
ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს
მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა ყურადღება
გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ
შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს
უქმნის კაცობრიობას.
„დღეს, როდესაც მე აქედან მოგმართავთ, მთელი კაცობრიობა
საფრთხეების წინაშეა, რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია. კლიმატის ცვლილებით შექმნილი
პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება
ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ
რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების
რეალიზებას,"- განაცხადა პრემიერმა.
ინფრასტრუქტურა
და ტრანზიტი
დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის
ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო
შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები,
განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული
შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის
გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის
გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.
„ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა
და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.
ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი
პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად
იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის.
მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და
დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი
ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა
და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების
ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,"- აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა.
სამეზობლო პოლიტიკა
„რეგიონში
არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის
მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო
ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების
სანაცვლოდ“,
- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო
მზადაა მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს
რეგიონში.
„მიმდინარე წლის ივლისში,
თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ
დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა
და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.
ამ განზრახვით, საქართველო
ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს
მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება
თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი
შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას",
- აღნიშნა პრემიერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss