| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –2015 მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო, ქვეყანამ, 2014 წელთან შედარებით US$ 1 მილიარდზე მეტი შემოსავალი დაკარგა, თუმცა, მთელი რიგი შოკების მიუხედავად ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა, - წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აჯამებს.
GBC-ს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ესაუბრა:
-მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო. გლობალურ თუ რეგიონულ დონეზე განვითარებულმა მოვლენებმა სირთულეების წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკა, რომელიც, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საკმაოდ მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ. საგარეო შოკის გამო, მნიშვნელოვნად იკლო საქონლის ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებით მიღებულმა შემოსავლებმა. ასევე, შემცირდა მომსახურების ექსპორტის, კერძოდ, ტურიზმის ზრდა. ჯამურად ქვეყანამ საგარეო შემოსავლების კუთხით მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა 2015 წელს, წინა 2014 წელთან შედარებით.
აღნიშნულმა შოკმა გაუფასურების წნეხში მოაქცია ეროვნული ვალუტა. საქართველოსთვის, როგორც მცირე და ღია ეკონომიკისათვის ოპტიმალურია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლის პირობებშიც გარე შოკების შემთხვევაში გაცვლითი კურსი გარკვეულწილად ბუფერის როლს ასრულებს - გაცვლითი კურსის გაუფასურებას აქვს მაკორექტირებელი ეფექტი. ამ დროს ხდება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და შედეგად ექსპორტის წახალისება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მცირდება სამომხმარებლო საქონლის იმპორტი, რის ადგილსაც ადგილობრივი პროდუქცია იკავებს. შედეგად შოკის ფონზე წარმოქმნილი დისბალანსი ეტაპობრივად აღმოიფხვრება. არსებულ ვითარებაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზარზე ჩარევა კურსის დასტაბილურების მიზნით გამოიწვევდა მხოლოდ რეზერვების ხარჯვას და არ იქნებოდა ეფექტიანი. უფრო მეტიც, რეზერვების გაყიდვა და გაცვლითი კურსის შენარჩუნება ხელოვნურად უფრო გამყარებულ ნიშნულზე კონტრ პროდუქტიულია და უარეს შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ეკონომიკა. სწორედ ამგვარი სიტუაცია დაფიქსირდა რეგიონის იმ ქვეყნებში, რომელთა ცენტრალური ბანკები შეეცადნენ სავალუტო ბაზარზე ჩარევის მეშვეობით შეენარჩუნებინათ გაცვლითი კურსი გარკვეულ ნიშნულზე. შედეგად, რეზერვების მკვეთრი ხარჯვის მიუხედავად, მიიღეს გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება. მაშინ როდესაც, საქართველოში, ეროვნული ბანკის მიერ, სწორი სავალუტო პოლიტიკის გატარების შედეგად, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმმა უზრუნველყო ეკონომიკაში წარმოქმნილი დისბალანსის დროული კორექტირება. ეროვნული ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე ინტერვენციით შემოიფარგლა, რომელთა დანიშნულება პანიკური მოლოდინების მოთოკვა იყო. შედეგად მოხერხდა რეზერვის ადექვატურ დონეზე შენარჩუნება. დღეის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვის დონე დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ ნორმებს.
- 2015 წლის სებ-ის მთავარი მოვლენები
2015 წელს, ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც მთლიან ეკონომიკას ფუნქციონირება უწევდა ძლიერი საგარეო შოკის პირობებში. შოკიდან გამომდინარე გაუფასურების ზეწოლის პირობებში, ეროვნულმა ბანკმა სწორი პოლიტიკის გატარებით გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი. წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ძირითადად დაკავშირებული იყო გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებთან, რომელიც აშშ დოლარის მიმართ კურსის გაუფასურებამ განაპირობა. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა ინფლაციის მოთოკვა და არსებული პროგნოზებით ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება, II ნახევარში კი მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება.
2015 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ სებ-ს გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეწოლის პირობებში უხდებოდა, მსგავსად რეგიონის სხვა ქვეყნებისა.
წლის განმავლობაში ძლიერი იყო ეროვნული ბანკის დისკრედიტაციის და გაცვლითი კურსის გაუფასურების ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ქმედებების შედეგად წარმოჩენის მცდელობა.
ზედამხედველობის კუთხით აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ჩაერთო ბაზელის ძირთადი კომიტეტის ზედამხედველობის დანერგვის ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკის მოწინავე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს და რომლის მიერ შემუშავებული ზედამხედველობის პრინციპებიც საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. საქართველო აღნიშნული დონის სამუშაო ჯგუფში გამოცდილების გასაზიარებლად პირველად მიიწვიეს.
ამასთანავე, ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები საზედამხედველო შესაბამისობის შეფასების პროგრამის (RCAP - Regulatory Consistency Assessment Program) გუნდში ექსპერტებად მიიწვია. მოცემული პროგრამა მოქმედებს მხოლოდ ბაზელის კომიტეტის წევრ ქვეყნებში და ის ბაზელ III-ის დანერგვის პროცესის მონიტორინგის და ერთგვაროვნების შეფასების ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2015 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი მონაწილეობდა ბაზელის კომიტეტის წევრ ქვეყანაში მოცემული პროგრამის ფარგლებში, ბაზელის კომიტეტისათვის საზედამხედველო ჩარჩოს შეფასების პროცესებში.
2015 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელ II/III-ის მე-2 პილარის ფარგლებში განაგრძობდა კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მოთხოვნების განსაზღვრის ჩარჩოზე მუშაობას. ზემოაღნიშნულთან ერთად, ეროვნული ბანკი ახორციელებდა რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის ფარგლებში დანერგილი რეფორმების ექპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.
- სებ-ის რეფორმები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, დასკვნები
განვლილი წლების განმავლობაში სებ-მა ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები და საოპერაციო ჩარჩო. შედეგად კომერციული ბანკები უფრო აქტიურად იყენებენ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებს ლიკვიდობის მართვისთვის, რამაც გააუმჯობესა მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაცემა ეკონომიკაზე. დაინერგა მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით: გაფართოვდა რეფინანსირების სესხებისთვის გირაოს ბაზა, ეროვნული ბანკის ხელშეწყობით კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება. მოხდა ცვლადი განაკვეთის ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების პოპულარიზაცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში 2014 წლის ივნისის განმავლობაში მუშაობდა, 2015 წელს გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსური სექტორი სტაბილურია. მისიის თანახმად, საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონულ არასტაბილურობას.
სებ-ის საზედამხედველო მიდგომების შეფასებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად ეროვნულმა ბანკმა კონსერვატიული მიდგომის შენარჩუნებასთან ერთად დანერგა ყოვლისმომცველი, მოწინავე და რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც ორიენტირებულია რისკების ადრეულ ფაზაზე იდენტიფიცირებასა და რესურსების ყველაზე ეფექტიანად განაწილებაზე. მისიამ დადებითად შეაფასა სხვადასხვა სფეროში ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ინოვაციური პრაქტიკა. რიგ საკითხებში დასკვნის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიდგომები წარმოადგენს ძალიან მოწინავე პრაქტიკას, რაც შეიძლება მაგალითს წარმოადგენდეს სხვა განვითარებული ქვეყნებისთვისაც.
შეფასების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკა მაღალი ხარისხით შეესაბამება ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს.“ 29 პუნქტიან შეფასების დოკუმენტში ეროვნულმა ბანკმა 26 პუნქტში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. შედეგად, საბანკო ზედამხედველობის ხარისხით საქართველო ისეთი ქვეყნების რიგებში ერთიანდება, როგორიცაა ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ირლანდია.
გატარებული რეფორმების ფართოდ იქნა აღიარებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. ამის ნათელი დასტურია EBRD-სა, IFC-ის და ADB-ის მიერ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ამ ორგანიზაციების მიერ არა ერთხელ იქნა აღნიშნული ის ფაქტი, რომ საქართველოში საბანკო სისტემის განვითარება მაღალ დონეზეა და რაც მთავარია, სტაბილურად მიმდინარეობს. EBRD-ის ხელმძღვანელმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა გამორჩეულია თავისი სტაბილურობით ყველა იმ ქვეყნების საბანკო სისტემებისაგან, სადაც მის ორგანიზაციას უწევს ოპერირება. განვლილ პერიოდში დაინერგა თანამედროვე საგადახდო სისტემები. საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე - GITI 2015, „ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების“ ნომინაციაში წელსაც გაიმარჯვა და უკვე მესამედ ლიდერის პოზიციას იკავებს.
- 2015 - საბანკო სექტორისთვის
წლის მთავარ გამოწვევას აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის შენელება უარყოფითად აისახება მსესხებლების გადახდისუნარიანობასა და სესხების ზრდაზე. ამასთან, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის არსებული ხარისხის, კაპიტალიზაციის, საოპერაციო მომგებიანობისა და აქციონერთა სტრუქტურის პირობებში, ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.
არანაკლები იყო, საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისას გამოვლენილი დარღვევები. კვლევამ რამდენიმე პრობლემა გამოავლინა, მათ შორის, ინფორმაციის პროაქტიული გამჟღავნება. მნიშვნელოვან ინფორმაციას, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, სავალუტო რისკისა თუ ხარჯებზე, ბანკები მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად არ აცნობდნენმოცემული პრობლემის მოწესრიგება სებ-ისთვის პრიორიტეტულია.
არჩილ მესტვირიშვილმა საკანონმდებლო ჭრილში არსებულ გამოწვევებზეც, მათ შორის სექტემბერში სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფაზეც ისაუბრა:
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია საფინანსო ზედამხედველობის კუთხით მუშაობის გართულება, მათ შორის მარეგულირებელ სფეროში მომუშავე კადრების გადინება. თუმცა, სებ-მა ამ კუთხით ფუნქციების შესრულება მოახერხა და განაგრძობს ეფექტიან ზედამხედველობას.
- 2015 - ფისკალური წელი
2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7% შეადგინა. მოცემულ პირობებში აღნიშნული დეფიციტი ფისკალური მდგრადობის ნორმის ფარგლებშია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss