| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ ინვესტორებს ბანკი რესპუბლიკას შესყიდვის გეგმაზე აცნობა.
ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს „სოსიეტე ჟენერალის“ ჯგუფის წევრის, ბანკი რესპუბლიკას შეძენაზე მოლაპარაკება, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ინფორმაცია ბანკმა ლონდონის ბირჟაზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც რადიო „კომერსანტმა“ ბანკების მოლაპარაკებებზე განაცხადა.
ცნობა პოზიტიურად აისახა თიბისის აქციებზე, რომელთა ფასი 8 სექტებერს 4%-ზე მეტად გაიზარდა, 10,55-დან 11.00 ფუნტ სტერლინგამდე.
ბანკ რესპუბლიკას პოტენციური მყიდველია "ჰუალინგ ჯგუფიც", რომელთანაც „სოსიეტე ჟენერალეს“ ბანკის მიყიდვაზე წინასწარი შეთანხმება უკვე გაფორმებული ჰქონდა და ისიც ცნობილი იყო, როგორ გადანაწილდებოდა გაერთიანებულ ბანკში აქციონერთა შორის წილები. თუმცა, უფრო მიმზიდველმა შეთავაზებამ ეს გარიგება შეაჩერა.
მოლაპარაკებებიდან გამოთიშვას არ ადასტურებენ „ჰუალინგში“, აცხადებენ, რომ სათაო ოფისი მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აგრძელებს.
რას შეცვლის ბაზარზე ახალი გაერთიანება?
ორივე ბანკი აქტივებით საბანკო სექტორის Top-5-შია. 1 აგვისტოს მდგომარეობით, თიბისი 6,7111 მლრდ ლარის აქტივებს ფლობს, რესპუბლიკა კი, 1,751 მილიარდს.
გაერთიანების შემთხვევაში აქტივების მოცულობა 8,4 მლრდს გადააჭარბებს, თუმცა ბაზარზე მაინც მეორე პოზიციაზე იქნება „საქართველოს ბანკის“ შემდეგ, რომელიც 1 აგვისტოს მდგომარეობით, 9,55 მილიარდის აქტივებით ბაზრის ლიდერია.
ექსპერტი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ეს გარიგება შედგება საბანკო სექტორში დიდად არაფერი შეიცვლება, თუმცა ძალიან სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს „სოსიეტეს“ გასვლას, რაც საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს კარგ პოზიციონირებას უწყობდა ხელს.
„გლობალური კუთხით უნდა შევხედოთ, საქართველოს ტოვებს გიგანტური საფინანსო ჯგუფი, რაც ცუდი ნიშანია. ეს იყო კარგი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპერირებდა ისეთი ბანკი, როგორც არის „სისიეტე ჟენერალი“, ახლა შესაძლოა მან დიდი ხვეწნით პატარა წილი დაიტოვოს გაერთიანებულ ბანკში, მაგრამ ამას ის ეფექტი აღარ ექნება, რაც ბაზარზე მისი ყოფნა განაპირობებდა", - აღნიშნავს ექსპერტი.
ვინ გახდება „რესპუბლიკას“ მფლობელი თიბისი თუ ჰუალინგი, ამით ის საბანკო სექტორში დიდ გარღვევას არ ელის. ამბობს, რომ ბაზარზე ისედაც 2 სისტემური ბანკი ფუნქციონირებს, რომლის მდგრადობაზეც მთელი ქვეყნის საფინანსო სექტორია დამოკიდებული.
„რამდენი ბანკი იქნება ბაზარზე ვითომ 18-19 თუ 14-15 არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ბაზარზე მაინც 4-5 ბანკია და მათგან 2 ძალიან მსხვილი. საფინანსო ბაზარი მონოპოლიურია და ყველა იძულებულია ითამაშოს მონოპოლიზირებული ბაზრის თამაშის წესებით“, -ამბობს ასლანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ თიბისი მცირე ზომის პროგრეს ბანკის შესყიდვასაც განიხილავს, სადაც ასევე მოლაპარაკებების პროცესია.
დეტალებზე არ საუბრობენ, არც იმაზე, რა წილით იქნება წარმოდგენილი ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილს გაერთიანებულ ბანკში. ახლა ის პროგრეს ბანკში 22% ფლობს. მეორე კვარტალის ბოლოს, მასთან აფილირებულ Malone Financial -ს თიბისიში 6,27% ეკუთვნოდა. არ არის გამორიცხული, რომ გამსხვილებულ ბანკში (თიბისი + პროგრეს ბანკი+ რესპუბლიკა) წილის გაზრდის სურვილიც გამოთქვას.
საბანკო წრეებში აღნიშნავენ, რომ საბოლოო გარიგებას მაინც ფასი და სარფიანი წინადადება განსაზღვრავს, ასევე მარეგულირებლის თანხმობაც, რისი არაერთი მაგალითი ქართულ ბიზნესში უახლოეს თვეებშიც დაფიქსირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss