| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერმა მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა.
აღნიშნა, რომ 2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა.
„ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება - „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად. ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა.
„შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა „წარმოებას“ და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, პროფესიული განათლების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას.
2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში.
2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით.
შეიქმნა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.
ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მოვამზადეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი - ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია. პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს, ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის. დიახ, ეს არის ისევ და ისევ, თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss