თბილისი (GBC) - ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.
”საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak) შეხვედრის შემდეგ.
მისივე განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის“ პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის”.