| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კახეთში ხორბლის აღების სეზონი იწყება. პირველი მოსავალი, როგორც წესი, სიღნაღის რაიონში, ე.წ. მილარში უკვე მოვიდა, ორ კვირაში კი მკა უკვე დედოფლისწყაროში დაიწყება.
როგორც GBC - ის ფერმერმა ზურაბ თეთვაძემ განუცხადა, ხშირი წვიმებისა და სეტყვის მიუხედავად, რაიონში, მარცვლეულის ნათესები არ განადგურებულა.
„ძალიან ძნელია, ზუსტად ივარაუდო, რამდენია საპროგნოზო მოსავალი, ვიდრე კომბაინს ყანაში არ შეიყვან, მაგრამ ნორმალური მოცულობა იქნება. შარშანდელზე ნაკლებს არ ავიღებთ“, - აღნიშნა ფერმერმა.
დადებითი პროგნოზია გარდაბნის რაიონშიც. სოსო ოქრუაშვილი, რომელიც წლებია, სართიჭალაში 1200 ჰა-ზე ხორბალს, სიმინდს, ქერსა და სხვა მარცვლეულს აწარმოებს, კარგ მოსავალს ელოდება, თუმცა, ფასი არ აკმაყოფილებს.
„ჯერჯერობით, ხორბლის აღება მასშტაბურად არ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მყიდველები გლეხებს 1 კგ-ში 40 თეთრს სთავაზობენ. ეს დაბალი ფასია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავი დოლარის გამყარების გამო გაძვირებულია, ისევე როგორც შხამ-ქიმიკატები“, - აღნიშნავს სოსო ოქრუაშვილი.
განსხვავებულად ფიქრობს ფერმერი ზურაბ თეთვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ 40 თეთრი მისაღები ფასია.
„შარშან 35 თეთრი ღირდა, სეზონის დასაწყისისთვის ყოველთვის დაბალია, ზამთარში ზევით იწევს ხოლმე, ისევე როგორც გასულ წელს, როცა 50 თეთრს მიაღწია. მერე ისევ ქვევით წამოვიდა და 45 თეთრზე დასტაბილურდა. ჩვენ მაინც ხორბლის მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა ფერმერმა.
აღსანიშნავია, რომ გასული კვირიდან ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე განუხრელად იზრდება.
გუშინ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ნათესების მდგომარეობის გაუარესება ივარაუდა. შესაბამისად, რბილი ხორბლის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 2,02 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 173,61 დოლარი შეადგინა, მინეაპოლისზე კი მყარი ხორბლის ფასმა 6,16 დოლარით -241,13 დოლარამდე მოიმატა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია.
ხანგრძლივი სიცხეებისა და გვალვების გამო გაურკვეველია კიდევ ერთი უმსხვილესი მწარმოებელის- საფრანგეთის ხორბლის მოსავლის ბედი. გასული წლისგან განსხვავებით, რეკორდულ მოსავალს არც რუსეთში მიიღებენ, რომელიც საქართველოში მარცვლეულის ძირითადი იმპორტიორია - მიზეზი კი უჩვეულო სიცივეები და სეტყვებია. როგორც რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვარაუდობს, მისი მოცულობა 100 მლნ ტონაზე ნაკლები იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss