ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თანასწორობას შეწირულები -   მოსახლეობის ნაწილს გაზის ტარიფი 9-17 თეთრით გაეზარდა
მარიამ მინაძე  
22 სექტემბერი, 2017, 21:52
თანასწორობას შეწირულები -   მოსახლეობის ნაწილს გაზის ტარიფი 9-17 თეთრით გაეზარდა

თბილისი (GBC) - რეგიონების ნაწილი ზამთარს ბუნებრივი აირის  გაძვირებული ტარიფებით შეხვდება.

ტარიფი საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა, ყველაზე მაღალი ზრდა საგარეჯოსა და ყაზბეგშია, სადაც გაზის საფასური 1 კუბ.მეტრზე 17 თეთრით გაიზარდა. 

ბუნებრივი აირის ტარიფებზე მოსახლეობის ნაწილი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამბობენ, რომ მთავრობამ ისინი გაყინვისთვის გაწირა, რადგანაც გაძვირებული გაზის საფასურის დაფარვას რეგიონებში არსებული უმუშევრობის და მცირე შემოსავლების ფონზე ვერ შეძლეძლებენ. ალტერნატივაც შეზღუდულია- შეშა, რომელიც ასევე ძვირია.  

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  დერეგულირებული ტარიფის მაქსიმალური სხვაობა დღევანდელ  რეგულირებულთან შედარებით  5 თეთრია. ყველაზე მაღალი ტარიფი, სამომხმარებლო დერეგულირებულ ნაწილში,   ბაკურიანში ფიქსირდებოდა. 

GBC შეეცადა უკმაყოფილო მომხმარებლისთვის განემარტა მიზეზები, რატომ გაუძვირდათ ტარიფი, შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება და რა შეუძლიათ მათ მოიმოქმედონ.

ჩვენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას, ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგოომბუდსმენის აპარატსა და „სოკარ ჯორჯია გაზს“ დავუკავშირდით, რომელიც რეგიონებში გაზის მთავარი მიმწოდებელია. ყველა მათგანი ამბობს, რომ გაზის ტარიფის გადახედვა აუცილებელი იყო, არსებული ვითარების გათვალისწინებით  კი, ბუნებრივი აირის ფასის მატება გარდაუვალი.

დღეისათვის  ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები შემდეგია: თბილისის (KTG TBILISI ) აბონენტებისთვის ტარიფი 46.153 თეთრია, საქორგგაზის აბონენტებისთვის 57.011 თეთრი, ხოლო „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის კი 56.940 თეთრი (ტარიფები წარმოდგენილია დღგ-ის ჩათვლით).

 „სოკარის არეალში 40 ტარიფი მოქმედებდა, რომელიც 2000-იან წლებში ან უფრო ადრე  დადგინდა და მას შემდეგ არ გადახედილა. შესაბამისად, არ ხდებოდა ასახვა არსებული სიტუაციისა და ინვესტიციების, რაც იყო განხორციელებული.  კურსის სხვაობა მაშინდელ პერიოდსა და დღევანდელს შორის საკმაოდ მკვეთრია, შესაბამისად განხორციელებულ ინვესტიციებთან ერთად, მისი ეფექტიც ტარიფზე დიდია.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოკარის ინვესტიციებიდან, ამ ეტაპზე ტარიფში $100 მილიონი აისახა, ხოლო 2020 წლიდან დარჩენილი $150 მილიონი აისახება“ - აცხადებს სემეკის  ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა აბონენტი მოექცა ერთიანი რეგულაციის ქვეშ, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდში მოხდა მათი გაზიფიცირება.

„ეს შესაძლოა ზოგისთვის ტარიფის გაძვირებას ნიშნავდეს, ზოგისთვის შემცირებას, თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ უპირატეს მდგომარეობაში არცერთი მომხმარებელი არაა და მოხმარებული გაზის საფასურს ყველა ერთი ტარიფით იხდის“, - ამბობს სემეკის წარმომადგენელი.

2007 წელს მიღებული დერეგულირების შესახებ ბრძანების  გაუქმებით, ყველა აბონენტი რომლებიც გამანაწილებელ ქსელს მიუერთდა და ბუნებრივი გაზის მოხმარება დაიწყო 2008 წლიდან, მოექცვა კომისიის რეგულირებაში. შესაბამისად, ისინი ისარგებლებენ იმ ტარიფით, რაც დაუდგინდათ კომპანიებს მიმდინარე წლის 20 ივლისს.

ამ კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯზე აღნიშნავს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი:  "მარეგულირებელი ფორმატი რაც არსებობდა გულისხმობდა იმას, რომ ტარიფის დადგენა იყო თავისუფალი და არ ეკუთვნოდა სემეკის რეგულირებას.  ამ წლების განმავლობაში ბევრი ახალი აბონენტი გაჩნდა და გამოვიდა, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი 44 თეთრიდან 68 თეთრამდე მერყეობდა. შესაბამისად, გვქონდა მსგავსი მნიშვნელოვანი სხვაობა.  თუკი ვამბობთ, რომ მოსახლეობის სექტორი უნდა გვყავდეს სუბსიდირებაზე, ეს ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირი, მიუხედავად იმისა,  ვინ როდის ჩაერთო ქსელში.  დერეგულაციაში, სუბსიდია მაინც შედიოდა, ამიტომ შეიზღუდა თავისუფალი დერეგულაცია და ტარიფიც გასწორდა.

ეს ამ ეტაპზე სოკარ ჯორჯია გაზს, საქორგგაზს და ყაზტრანსგაზ თბილისის აბონენტებს ეხება, რომლებიც ჯამში აბონენტების 90%-ს წარმოადგენენ, თუმცა პროცესი გრძელდება და იგივე მიდგომა პატარა კომპანიებზეც გავრცელდება.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესყიდვის ფასი, რაც წარმოადგენს სახელმწიფო სუბსიდიას და რომელიც $120 იყო, $105-მდე შემცირდა და ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტარიფზე. $120 - ის პირობებში ტარიფი დამატებით 5 თეთრით გაიზრდებოდა”. 

 ვალიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველ წელს იზრდება მოხმარება. 2010 წლის შემდეგ, როდესაც აქტიური გაზიფიცირება დაიწყო მოხმარება 400 მილიონიდან 950 მილიონ კუბ.მეტრამდე  გაიზარდა.

დღეს, სოციალური გაზის მოხმარების კალათა დაახლოებით 950 მილიონი კუბ.მეტრია, რაც მოსახლეობას მიეწოდება  და 500 მილიონით მარაგდება  თბოსადგურები. კომერციული გაზის მოხმარება დაახლოებით 1 მლრდ კუბ.მეტრია.

„სოციალური გაზი ივსება შაჰდენიზის გარანტირებული 500 მილიონით და გატარების საფასურით - 5%-ით, რაც ყოველ წელს 250-300 მილიონია. დანარჩენს კი ვიღებთ სოკარისგან.

2020 წლიდან, შაჰდენიზის მეორე ფაზის დამატებით მოცულობებს მივიღებთ, პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, სრული დატვირთვის შემთხვევაში დამატებით 800 მილიონს.

თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ შაჰდენიზიდან გარანტირებულ 500 მილიონს 2025 წლამდე მივიღებთ.  გამოდის, რომ 2020 წლიდან 2025 წლამდე სოციალური გაზის პრობლემა არ იქნება, თუმცა 2025 წლის შემდეგ კი დამატებითი წყაროების მობილიზების საჭიროება გაჩნდება“.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი  გაძვირებული ტარიფით უკმაყოფილო მოსახლეობას სემეკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ურჩევს.

“ახალმა ერთიანმა ტარიფმა მოგვცა ის, რომ თუკი აქამდე ნაწილი მომხმარებლებისა იყო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ნაწილი კი უპირატესში, ტარიფებს შორის არსებული დიდი სხვაობის გამო, ახლა ყველა თანაბარ მდგომარეობაში ჩადგა. რასაკვირველია ტარიფის გაზრდის მომხრე არ ვარ, ეს ძალიან ცუდია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ტარიფი არის ყველანაირი სიზუსტით დაანგარიშებული და ის ყველასთვის ერთიანია“, - ამბობს ენერგოომბუდსმენი.

კომპანია სოკარი ტარიფის ზრდას მათ მიერ საქართველოში ჩადებულ ინვესტიციებს უკავშირებს, რაც 250 მილიონს აღწევს.

 „სოკარ ჯორჯია გაზი“ უკვე 10 წელია რაც საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. ამ დროის მანძილზე კომპანიამ მთელი  საქართველოს  მასშტაბით  600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება და ააშენა 9300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გაზსადენი.  დღევანდელი მონაცემებით, „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე, 588 405 აბონენტს ემსახურება. საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2017 წლის ჩათვლით განხორციელდა 250 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომპანიამ ტარიფის გადახედვის მიზნით კომისიაში მათ მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია წარადგინა, რის შემდეგაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის გადახედვის შესახებ”, - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ მიიღეს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი და კომპანია აგრძელებს ამ ტარიფით მუშაობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები