| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისათვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონპროექტის მედიისთვის წარდგენისას.
მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.
საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
ბრიფინგზე განმარტეს, რომ თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ინიციატორები ამბობენ, რომ მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.
საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე, როგორც დივერსიფიცირებულობის და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.
დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.
„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. რაც ყველაზე საგულისხმოა, საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაბამის დროს ღირსეული პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნავს ნიკოლოზ გაგუა.
პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss